„სინათლის ქალაქმა“ წლიური ანგარიში წარადგინა

21/01/2016

“სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელმა თორნიკე კიზირიამ უწყების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ, ერთი წლის ანგარიში წარადგინა, რომელსაც თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს დეპუტატები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. თორნიკე კიზირიამ „სინათლის ქალაქის“ მიერ მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.

კიზირიამ უწყების მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტებიდან, სულ ახლახან დასრულებული თბილისის ანძის განათების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების ქსელის განვითარებაზე. თორნიკე კიზირიას თქმით, გასულ წელს თბილისში გარე განათების ქსელი ავჭალაში, დიდ დიღომსა და ივერთუბანში მოეწყო, სადაც განათება ამ დრომდე არ არსებობდა. კიზირიას თქმით, გარე განათების ქსელის განვითარება მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

ქალაქის მასშტაბით გარე განათების ქსელის განვითარების სამუშაოების გარდა, „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა 2015 წელს უწყებაში განათების ქსელის ელექტრონული პასპორტიზაციის დანერგვასა და პროგრამული მართვის ფარის განახლების შესახებაც ისაუბრა. თორნიკე კიზირიას განმარტებით, გარე განათების ქსელის ელექტრონული პასპორტიზაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ თბილისში არსებული სანათი წერტილების შესახებ კომპანიას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. ხოლო პროგრამული მართვის ფარის განახლება, გათიშვებისა და ავარიების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღებას უზრუნველყოფს.

თორნიკე კიზირიამ „სინათლის ქალაქის“ მხატვრული მინათების სამსახურის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2015 წელს სამსახურმა 20-მდე ობიექტზე მხატვრული მინათება დაამონტაჟა და 19 სკვერში გარე განათება აღადგინა.

თორნიკე კიზირიამ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს „სინათლის ქალაქის“ მიერ დაგეგმილი სამომავლო პროექტებიც გააცნო. მან ყურადღება დედაქალაქის ენერგოდამზოგავ განათებაზე გადასვლაზე გაამახვილა. თორნიკე კიზირიას თქმით, თბილისის მერია და „სინათლის ქალაქი“ უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობენ, რაც თბილისში არსებული სანათების დიოდური, ე.წ. LED სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. კიზირიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, თბილისი მთლიანად დიოდური სანათებით განათდება, რაც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიან ეკონომიას მოუტანს.

შეხვედრის დასასრულს, თორნიკე კიზირიამ სტუმრების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც თბილისის ანძაზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0