პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას ბიზნესისთვის ძალიან საინტერესო შეთავაზებები აქვს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა სამი კრიტერიუმი დაასახელა, რომლითაც, მისი თქმით, უნდა მოხდეს მთავარი კრიტერიუმების გამოვლენა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესს გავდივართ ახლა.
ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ერთი მინისტრის მოსმენა. ანუ, მინისტრი საკუთარ პორტფელს იხილავს მთავრობის ყველა წევრთან ერთად და ამ განხილვის პროცესში ჩვენ ვაკეთებთ თითოეული სამინისტროს პროექტების პორტფელის პრიორიტეტიზაციას, რათა მოხდეს სამი კრიტერიუმით ყველაზე მთავარი კრიტერიუმების გამოვლენა. ეს სამი კრიტერიუმი გახლავთ პირველ რიგში საზოგადოებისთვის აქტუალობა, მეორე – საკითხის თანხვედრა ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და მესამე არის ის რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ამა თუ იმ საკითხის განვითარება გადავწყვიტოთ და ესა თუ ის პრობლემა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად უნდა განიხილონ ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მთავრობის მუშაობის ფოკუსირება მოხდება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში თქვენი ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური და ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ბიზნესისთვის. უმთავრესი – ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები იმყოფებით აქ, რომლებიც პრინციპში განსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ, თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩვენ მოვახდენთ მთლიანად მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.