შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები, იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც მის მიერვე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, რამდენიმე დღით ადრე იყო შეძენილი.
„ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიებას შეექმნა რა მაღალი ალბათობა იმისა, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ბიძინა კუჭავას მიერ, დანაშაულის სხვა კვალის მოსპობის თავიდან აცილებისა და საქმეზე სხვა მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაიწყო აქტიური მოქმედებები ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავებისათვის. ქვეყნის მაშტაბით შესაბამისი ორიენტირებები დაეგზავნა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფს.
მითითებულ პროცესში მიღებული იქნა ოპერატიული შეტყობინება, რომ ბიძინა კუჭავა ორ პირთან ერთად, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. რამდენიმე წუთში ხსენებული ავტომანქანა შეაჩერა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებმა. პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში განახორციელა ერთი გასროლა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა“, – განაცხადეს შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას ტანისამოსის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, სამი ცალი მობილური ტელეფონი და სხვა ნივთები ამოიღეს.
ამასთან, გამოძიებით დგინდება, რომ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას აკავშირებდათ ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ქირიას სამსახურებრივ საქმიანობასთან.
„საქმეზე ბიოლოგიური და სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, გრძელდება გამოძიება. შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.