ფიზიკის ინსტიტუტში განახლების პროცესი მიმდინარეობს

14/01/2016

ახალი ხელისუფლების პირობებში მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში, აღსანიშნავია მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით 82%-ით გაზრდილი ბიუჯეტი, რითაც მეცნიერთა ხელფასი საშუალოდ 2.5-ჯერ გაიზარდა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლების შესაძლებლობა მიეცათ. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს აღჭურვა-რეაბილიტაციისთვის 23 მლნ ლარამდე გამოეყოთ, აქედან, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტმა 700 000 ლარი მიიღო.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტს ეწვია, რომელიც ერთ-ერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც სამინისტროს მხარდაჭერით ძირეული, მათ შორის ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. სამინისტროს დაფინანსებით, დაწესებულებაში განხორციელდა ისეთი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მსგავსიც ინსტიტუტში დაარსების შემდეგ არ ჩატარებულა.

სამეცნიერო ბაზის მოწესრიგების და განახლების პარალელურად, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელი გახდა 2015 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად. ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრება კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსი, აღდგება კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის და გაძლიერდება სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის როლი.

კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, შესაბამისად, ეს პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0