ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც “სოკარი” საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის

12/01/2016

ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც “სოკარი” საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი და მისი მოადგილეები დღეს ექსპერტებს შეხვდნენ. რაც შეეხება იმას, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები “გაზპრომთან”, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გატარებული მოცულობის 10% ბუნებრივი აირის ნაცვლად მიიღოს ფინანსური ანაზღაურება და ასევე, საუბარია იმ დამატებითი დეფიციტის შევსებაზე, რომელიც დღეს აქვს ბაზარს. როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.

“სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ. ენერგეტიკის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმაზე თუ რა რაოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარს საქართველო დღეს. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.

“დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი “სოკარიდან” წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია “ყაზახი”. 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით”, – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ფიზიკურად შეუძლებელია იმ მილსადენიდან იმ დამატებითი მოცულობების მიღება, რომლითაც “სოკარი” საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის. “ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობები იქნას გატარებული ამ მილსადენში, ამიტომ დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით”, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მთავარია ის, რომ აქ საუბარია ერთწლიან და არა გრძელვადიან ხელშეკრულებებზე. “ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0