მღებრიშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლება მიენიჭება

08/01/2016

„სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შედის.

აღნიშნული საკითხი მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლება მიენიჭება.

„მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც აქვთ უფლება, ჯილდოდ იარაღის გადაცემისა. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

აღნიშნული უფლებით, ამ დრომდე, სარგებლობდა თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0