პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსს“ ხელი მოაწერა

08/01/2016

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსს“ ხელი მოაწერა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, მან საარჩევნო კოდექსს ხელი მოაწერა, თუმცა, ცვლილებებზე გარკვეული განმარტებების გაკეთება სურს.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს ცვლილებები არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც წლებია საუბრობენ.

„ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა.

შესაბამისად, ეს ტექნიკური ტიპის ცვლილებებია, რეალურად საარჩევნო რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ 2015 წელს, მთელი პოლიტიკური სპექტრი – ოპოზიცია და სამთავრობო კოალიცია იმ შეხედულებაზე ჩამოყალიბდა, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემისთვის.

პასუხი ნათელია საუკეთესო – პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანაა. განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ რა ვადებია ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო. მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 250 ათასზე მეტის ხელმოწერილი პეტიცია მხარს უჭერს, რომ ეს ცვლილება 2016 წელსვე განხორციელდეს, მაგრამ განსხვავებული პოზიციაა კოალიციაში.

ამ ცვლილების ამოქმედება 2020 წელს იგეგმება. მთლად არგუმენტირებული და გასაგები, თუ რატომ უნდა გადავდოთ ის რაზეც ვთანხმდებით, რომ კარგია და მისაღები კიდევ ოთხი წლით, ჩემთვის ბოლომდე გაუგებარია. ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, ამ საკითხზე უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით ერთობლივ თანხმობამდე მივიდნენ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პროექტი გასული წლის დეკემბრის ბოლოს დააამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება  და რიგ შემთხვევებში, ოლქების გაერთიანება ხდება, ან მისი დაყოფა.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში 22 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება, ვანსა და ხონს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, ასევე ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი. ამასთანავე, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება –  ამბროლაურს, ონს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს.

გარდა ამისა, პარლამენტმა საარჩევნო თემატიკაზე კიდევ ერთი ცვლილება მიიღო, რომლითაც მაჟორიტარულ არჩევნებში 50 პროცენტიანი ბარიერი შემოდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0