„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ახალი კანონი პირველი იანვრიდან ამოქმედდა

02/01/2016

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გარკვეულ შეღავათებს აწესებს, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი; სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეზრდებათ ვაუჩერი; ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50%.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან; მეწარმე ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან ათი წლის ვადით; მიწის ნაკვეთი თავისუფდება ქონების გადასახადისგან.

რაც შეეხება იმ სოციალურ შეღავათებს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება, „მთის კანონის“ მიხედვით, მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეცფიალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებებათ დამატებითი ანაზღურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს კი 20%-იანი დანამატი დაუწესდებათ;

ამასთან, დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისთვის სახელმწიფო პენსიის ოდენობით; მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით. აღნიშნული შეღავათები პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1 582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე, ან მის ზევით მდებარეობს.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან ათი წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0