„დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეები არიან ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი სამხედროები, დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში თავდადებით იბრძოდნენ.
„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, სიმშვიდის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი, ჩვენი მოსახლეობის გამორჩეული ნაწილი. თქვენი გმირული წარსულითა და ტრადიციებით ქმნით დღევანდელობას და ღირსეულად მიგვიძღვებით მომავალი გამარჯვებებისკენ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალების დღეს სწორედ თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს, მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში, ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ, მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინეს და პატივისცემა და ქება დაიმსახურეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაში მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, არამედ პირიქით, ათწლეულიდან ათწლეულამდე მატულობს ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობასა და ერთიანობას.
„რუსეთის მიერ ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები – ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა ფორმატებში, რათა საუკეთესო უახლესი ტექნოლოგიებით, წვრთნებითა და შეიარაღებით ხელი შევუწყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას.
თავდაცვის ძალების დღეს, პატივს მივაგებთ ასევე იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – თქვენი შვილები, მამები, მეუღლეები გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა.
პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ვამაყობთ თქვენით და წარმატებას გისურვებთ თქვენ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. საქართველო იყო, არის და იქნება ჩვენი საყვარელი საფიცარი სახელი. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.