შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვდა

08/04/2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობაზე და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირებზე. მხარეებმა ისაუბრეს ვაჭრობის „შუა დერეფნის” პოტენციალის რეალიზებისთვის ორივე რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე. ამავე კონტექსტში მიმოიხილეს ეკონომიკური, ენერგეტიკული, საჰაერო-სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა და პროექტები. აგრეთვე, განიხილეს საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნის შესაძლებლობა. შეხვედრა გაიმართა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0