ლევან დავითაშვილმა „აგროჰაბის“ ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

26/03/2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში „აგროჰაბის“ ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომპანიის დამფუძნებლებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დედაქალაქისთვის ახალი და რაც მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის სტანდარტებით მომუშავე ობიექტის შემატება.

„მართლაც სასიხარულო დღეა თბილისითვის – ახალი, ძალიან საინტერესო და მინდა ვთქვა, არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს. „აგროჰაბი“ მგონი ყველა მომხმარებლისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი დანიშნულების ადგილია, გამორჩეული იმით, რომ ძირითადად ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„აგროჰაბის“ რიგით მეხუთე ფილიალი თბილისში ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე გაიხსნა, ეს არის თანამედროვე, 4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე. როგორც კომპანიის ხელმძღვანელთა მხრიდან აღინიშნა, ისევე როგორც სხვა უკვე მოქმედი ობიექტების, ახალი ფილიალის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულასხმობს. ფილიალები „აგროჰაბის“ წარმოების პროდუქტებით მარაგდება ცენტრალური საწარმოდან, რომელიც 2023 წელს 3000 კვ.მ. ფართობზე აშენდა. აღსანიშნავია, რომ „აგროჰაბში“ ამჟამად 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, ახალი ფილიალის დამატებით კი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

“აგროჰაბი“ თვითონ მნიშვნელოვან საწარმოო კომპლექსზეა დაფუძნებული და წარმატების დიდი ნაწილიც ზუსტად ამით არის განპირობებული – რომ ხარისხიანი, მაღალი დონის ქართული პროდუქცია კომპანიამ მომხმარებლამდე მაქსიმალურად ეფექტიანად და კომფორტულად მიიტანოს” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„აგროჰაბი“ ახლო მომავალში კიდევ აპირებს საქმიანობის გაფართოებას – კომპანია წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს თბილისსა და ქუთაისში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0