ინტერპელაციის საკითხი ეხება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებას.

22/03/2024

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გაზრდის და საკონსულოების დამატების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის მოსმენას უკავშირდებოდა.

„ინტერპელაციის საკითხი ეხება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკონსტიტუციო უფლებას. სამშობლოდან, ოჯახიდან, შვილებიდან შორს ყოფნის მიუხედავად, რომ მათ ჰქონდეთ საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ის უფლება, რაც არის საქართველოს ყველა მოქალაქის ერთ-ერთი უზენაესი უფლება“, – განაცხადა შეკითხვის ერთ-ერთმა ავტორმა ხატია დეკანოიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: ხატია დეკანოიძემ, რომან გოცირიძემ, დავით ხაჯიშვილმა, თეონა აქუბარდიამ, როსტომ ჩხეიძემ, ნატო ჩხეიძემ, ბაჩუკი ქარდავამ და ნიკა მაჭუტაძემ მიმართეს.

„დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლად მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა როგორც საკანონმდებლო დონეზე ისე, არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის ჩვენი უწყების ჩართულობით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტური განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას და მათი აღრიცხვაზე დადგომა არ ემსახურება მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას. მომხსენებლის ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტური საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. მისი თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისთვის სამინისტრო მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/ საკონსულო დაწესებულებაში, პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის მეშვეობით. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და შესაბამისად, მომსახურება უფასოა“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განმარტა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებთან სხვადასხვა ფორმატში.

„საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს თანამემამულეებთან, მათი საჭიროებების, უფლებების და სხვადასხვა საკონსულო სერვისების შესახებ. შესაბამისად, საკონსულოს თანამდებობის პირები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრებზე, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს და ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ ძალისხმევის მიუხედავად, აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით აქტივობა სამწუხაროდ, კვლავ დაბალია.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გეგმავს აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის შესახებ, რომელმაც ასი ათასობით მოქალაქე მოიცვა.

„აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, როგორც პორტალის, ასევე, ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებული კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკონსულო დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციონალურ დატვირთვას და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია, რომლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. აღსანიშნავია, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა მაშინაც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე – საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული.

„საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს. არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესი და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა. საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. სწორედ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვა. როგორც წესი, დაწესებულების გახსნის წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

რაც შეეხება ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს გახსნის საკითხს, ამისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება 2019 წელს დაიწყო და შესაბამისმა პროცედურებმა მოიცვა 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდი.

„აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკონსულო დაწესებულების გახსნა არ არის დაკავშირებული მხოლოდ არჩევნებთან და მას გაცილებით ფართო დატვირთვა აქვს. საარჩევნო უბნის შექმნა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას. საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი კი, მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, შედის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვმუშაობთ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებთან და მეორე მხრივ, ვაგრძელებთ, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მათი სერვისების მიღება იყოს გაუმჯობესებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების არა მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაცია იყოს დაცული, არამედ, მათ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სახელმწიფო სერვისებით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ კონკრეტულ ქვეყნებში სთავაზობს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0