საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. მინისტრმა უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, 2023 წელს, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანად განხორციელებისა და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების გაუმჯობესებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი რეფორმა განხორციელდა.
„აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე, ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომლებიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, დანაშაულის პრევენცია, მასზე ეფექტიანი რეაგირება, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, სამართალდამცველების მხრიდან ყოველდღიურად, ძალიან დიდ ძალისხმევას, დაუღალავ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სამართალდამცველებისთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, 2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვინაიდან სისტემაში განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
„სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების ზრდა. 2020-2024 წლებში საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი სულ მცირე 58%-ით გაიზარდა, მაგალითად, პატრულ-ინსპექტორის − 58%-ით, უფროსი დეტექტივის − 61%-ით, ხოლო გამომძიებლის ხელფასი − 80%-ით. პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს, თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და რეფორმების თაობაზე. ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, საქართველოს ინდექსი 2023 წლის ანგარიშში, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია.
„ამ ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საამიროები“, – აღნიშნა მან.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც.
მისი თქმით, ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში. გასულ წელსაც პრიორიტეტად დარჩა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 2023 წელს, მნიშვნელოვან გამოწვევას ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენდა, პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების აქტიური ბრძოლის შედეგად ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა. ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, საქართველო 2023 წელსაც, მსოფლიოს მასშტაბით, უმაღლეს საფეხურზე − პირველ კალათაში იკავებს ადგილს. მინისტრმა ყურადღება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, საიდანაც 36 სახელმწიფო იფარება, აგრეთვე, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან ატაშეების ქსელის გაფართოების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 12 მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვან ოქმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ვახტანგ გომელაურმა საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიანობისა და პრაქტიკაში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, 2023 წელს, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“ დამტკიცდა, რომელიც ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს („ფრონტექსის“) მიერ მიღებული მოდელის საბოლოო ვერსიის მიხედვით შემუშავდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, მესაზღვრეების გადამზადების, საველე სწავლებების გაუმჯობესების, სექტორების აღჭურვის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების, ასევე სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით. მინისტრის ინფორმაციით, 2023 წელს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნითაც არაერთი პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვისაც.
„მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველი მაშველების გმირობის შესახებ მაშინ, როცა გასულ წელს რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი თურქეთში გაემგზავრა და უწყვეტ რეჟიმში ჩაერთო ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში“, – განაცხადა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად ზრუნავს საპოლიციო სერვისების განვითარებაზე: 2003 წელს დაიწყო ცნობების ელექტრონული წესით გაცემა, შეიქმნა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამა, სავალდებულო გახდა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყველა ტიპის იარაღის ბალისტიკური შემოწმება და სხვა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე, საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებსა და რეფორმებს.
„ასევე, გაგრძელდება პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება. ამასთან, 2024 წელსაც აქტიურად მოხდება საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.