პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიასთან ერთად რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გახსნა

20/03/2024

4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქალაქში მას ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაური სპორტის სასახლეში UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად მივიდა. პრემიერის თქმით, რუსთავი არის გამორჩეული ქალაქი ღირსეული, ნიჭიერი ხალხით და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ილია თოფურია.

„სპორტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბევრი თვალსაზრისით, ის ნიშნავს ჯანმრთელობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სწორად აზროვნებას და მავნე ჩვევებისგან ადამიანების დაცვას. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარებას. დღევანდელი დღე არის ამის გამოხატულება”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაში, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, აზიის განვითარების ბანკს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს, ქალაქ რუსთავის მერს და დეპუტატებს.

„დღეს გამორჩეული დღეა სხვადასხვა თვალსაზრისით. ვზეიმობთ წარმოუდგენელ წარმატებას, ეს არის სპორტკომპლექსის გახსნა და UFC-ის ქამარი რუსთავში. ილია თოფურია არის რუსთაველების ნიჭიერების განსაკუთრებული მაგალითი; მაგალითი იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს თავისი ქვეყნისთვის. მადლობა ილია თოფურიას პატრიოტიზმისთვის და იმ დიდი წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიის სტუმრებს სიტყვით მიმართეს UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავში მრავალფუნქციური დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას მოემსახურება. დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინიფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში. ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 24 მილიონი ლარი ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0