მოხარული ვარ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა

12/03/2024

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით სხვადასხვა მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოს მიზანია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ევროკომისიასთან გრძელდება DCFTA-ის განხორციელების პროცესის ორმხრივ ფორმატში განხილვა.

„2023 წლის დეკემბერში ასოცირების კომიტეტის მეათე შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ევროკომისიის მხრიდან DCFTA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას მაღალი შეფასება მოჰყვა და მზაობა გამოიხატა ამ პროცესში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების გასაგრძელებლად“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ქართული მხარის მიერ მომზადდა 2024-25 წლების საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება პირველი, ორმხრივად შეთანხმებული სამოქმედო გეგმა იმ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და რეფორმებზე, რომელსაც საქართველო როგორც DCFTA-ით აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ასევე, მის მიღმაც ახორციელებს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით და მოიცავს: ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროებს. მომხსენებლის განცხადებით, რეფორმები ხორციელდება მათ შორის, კანონმდებლობის დაახლოების, ინსტიტუციების გაძლიერების და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან 65%-ზე მეტით არის დაახლოებული, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და ქვეყნის მთლიანი ბრუნვის 21% დაიკავა; ექსპორტმა შეადგინა 704 მლნ დოლარი და საქართველოს წმინდა ექსპორტის კუთხით უჭირავს დაახლოებით 20%. 24%-ით გაიზარდა იმპორტი; გაზრდილია ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა. ასევე, გაზრდილია ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობა. მომხსენებელმა ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე ღონისძიებებზე. მან ყურადღება გაამახვილა ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასებისა და ბაზრის ზედამხედველობის ადმინისტრირებისათვის საჭირო ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე. ასევე, დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ეკონომიკური ოპერატორების მომზადებისა და ადაპტაციის ხელშეწყობაზე, DCFTA‐ის ვალდებულებების შესაბამისად, ბაზარზე ზედამხედველობის აღსრულებაზე. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გენადი არველაძემ კომიტეტის წევრთა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

​„მოხარული ვარ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. მათ პირადად ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ თუ რას აკეთებს მთავრობა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0