პარლამენტის ბიუროს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შესახებ მიმართვა წარედგინა. კანონპროექტი პარლამენტმა 2024 წლის 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო და ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. მოტივირებული შენიშვნები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცემა. სხდომაზე ბიუროს წევრებს ასევე წარედგინათ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ მიმართვა ნდობის ჯგუფის წევრად პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას წარდგენის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნდობის ჯგუფში ოპოზიციას ორი ადგილი აქვს, საიდანაც ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ არის შევსებული.
„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ გასულ წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნდობის ჯგუფის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და ამ მოწვევის პარლამენტში გამართულ ნდობის ჯგუფის შეხვედრებში მხოლოდ ერთს დაესწრო ნდობის ჯგუფის ოპოზიციონერი წევრი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ვაკანტურ კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის არაერთი მოწოდების შემდეგ, კარგია რომ კანდიდატურა წარდგენილია, რომლის დაშვების საკითხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წყვეტს.