იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება განიხილა. მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, გარდა საჯარიმო სანქციების გამკაცრებისა, კანონპროექტით განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთ დარღვევებზე, რომლებიც ადრე არ იყო იდენტიფიცირებული. კანონპროექტის თანახმად, მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესები“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის ჯარიმების ასახვა კოდექსში. ცვლილება ითვალისწინებს, ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაწესებას. ასევე, გათვალისწინებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმები. კოდექსს ემატება ახალი მუხლები, რომლითაც ხდება: მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრება; შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჯარიმების დაკისრება; სალოცმანო სამსახურებისთვის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება; გემის აგენტების მიერ ნავსადგურში შესვლის ან/და ნავსადგურიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის ჯარიმის დაწესება. აგრეთვე, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის კომპლექსური შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმების დაწესებას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზღვაო სფეროში სანქციებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
04/03/2024