ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია

04/03/2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დიდ ბრიტანეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მათ შორისაა, საინვესტიციო კონფერენციებისა და ფორუმების გამართვა, რაც შედის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მანდატში. საგულისხმოა, რომ ლონდონის კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია,“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი დაინტერესებული ინვესტორი დაესწრო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ, ერთი მხრივ, გაზარდა ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მეორე მხრივ კი, დღის წესრიგში დააყენა დამატებითი სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობა. მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კურსი მიმართულია ევროსტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, ქვეყანამ უფრო წარმატებით გამოიყენოს მისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წარმატებული საგარეო – სავაჭრო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ივაჭროს 2,3 მილიარდიან ბაზართან მსოფლიოში, მათ შორის, ევროკავშირთან და ჩინეთთან. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ევროპასთან სატრანსპორტო – ლოგისტიკური, თუ ენერგეტიკული დაკავშირებადობის ზრდის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვ. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საფინანსო სექტორისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. ფორუმის მომაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშილმა და საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავამ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რომელმაც პანელზე „Why Invest in Georgia“ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობასა და პოტენციალზე. მან ყურადღება გაამახვილა ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მოუტანს. საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ის ბრიტანელ ინვესტორებს ესაუბრა პოსტპანდემიურ პერიოდში თანამედროვე მსოფლიოს ტურიზმის მზარდ ტენდენციებზე. ღონისძიებას საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციების შემდეგ, პანელური დისკუსიები გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0