საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ცხოველთა უფლებადამცველები, კინოლოგიური და ვეტერინარული დაწესებულებების წარმომადგენლები.
„კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ საკითხები, რომლებიც შეეხება შინაურ ბინადარ ცხოველებს იყოს მოწესრიგებული კანონმდებლობით. თუმცა, ის ვერსია, რომელიც წარმოადგინა მმართველმა ძალამ, მოიცავს რიგ საკითხებს, სადაც სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც იცავენ შინაური ბინადარი ცხოველების ინტერესებს და კარგად აქვთ გააზრებული პრაქტიკაში რა პრობლემები შეიძლება შექმნას თუ მასში რამდენიმე პრობლემური მუხლი დარჩება უცვლელი. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის გავხსნათ კარი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დასწრებოდნენ განხილვას პარლამენტში, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები როგორ უნდა შეიცვალოს კანონპროექტში ის რამდენიმე მუხლი, რომლის შედეგადაც რეალურად შევძლებთ საკითხი იყოს მოწესრიგებული საზოგადოებაში ყველას ინტერესების დაბალანსებით და ცხოველთა უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.