„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი დისკუსიისთვის. განსაკუთრებით ამ კონსტრუქციული ტონისთვის. გავაგრძელოთ ასე. ვხედავთ, რომ შეგვიძლია ყველაზე მწვავე კრიტიკაც კი, მშვიდად გამოვთქვათ, დავუპირისპიროთ ერთმანეთს არგუმენტები. ეს არის ქართული დემოკრატიის ზეიმი!“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე მის მიერ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის დროს დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წევრების გამოსვლებში აღარ ისმოდა ის თემები, რომლებზეც უკვე რამდენიმე წელია მათ მიერ კეთდება აქცენტები.
„მადლობა, უპირველეს ყოვლისა, საგნობრივი დისკუსიისთვის. ცოტა გამიკვირდა, ვერ მოვისმინე სიტყვები – ოლიგარქია, კლანი. სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი – არჩევნები ოხერია! მიხვდით ხომ ხალხს რა აინტერესებს?! და ის თემები, რომლებსაც ატრიალებდით სამი წელი არ იყო ის თემები და საკითხები, რომლებიც ხალხს აინტერესებს. კარგია, რომ მიხვდით და საინტერესო იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა პარტიების დაფინანსების საკითხზე და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს უცხო ქვენების ფული და ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა.
„ბატონმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, ფაქტობრივად ,აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვქმნით იმისთვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთო. არ ვიცი, ამაზე მეტი აღიარება რაღა არის და თან თქვა, რომ რა არის ამაში ცუდიო? ამასაც ვერ ხვდება და მე ავხსნი რა არის ამაში ცუდი. ეს ყალბი „ენჯეოების“ სქემები, როგორც ჩანს, ძალიან პოპულარული გახდა ოპოზიციურ პარტიებში დაფინანსებისთვის. და ამ შემთხვევაში დაფინანსება საიდან არის – უცხოეთიდან. ერთი – ეს აკრძალულია და მეორე, რომელი ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს უცხოური დაფინანსებით პარტიებში. ამიტომ არის ეს აკრძალული. ყველა ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია და ეს არის პრობლემა და რატომ ხდება იცით ეს პრობლემა? რატომ ვერაფერს ამბობთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესში კი ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? იმიტომ, რომ იმ ქვეყნებიდან დაფინანსების სქემებში ხართ, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები. ეს არის პრობლემა. ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით და ამას უნდა შეეშვათ. გააუქმეთ ყალბი ენჯეოები, დახურეთ ის ანგარიშები, სადაც, სავარაუდოდ, გერიცხებათ თანხები უცხოეთიდან, თუ გაქვთ ეს სქემები და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არც ერთ სხვა ფულს. ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა, ქართველმა მეცენატებმა, ქართველმა ხალხმა. ასე კეთდება პოლიტიკა. ეს არის სუვერენიტეტი! ამისთვის ვიბრძოდით! ეს ყოფილი კოლონის კომპლექსები უნდა მოიცილოთ. რომ გუშინ ერთი დედაქალაქი იყო თქვენთვის ცენტრი და დღეს მეორე დედაქალაქია თქვენთვის ცენტრი. ასე, არასერიოზულად აღგვიქვამს ყველა. ჩვენ თუ საკუთარ თავს პატივი არ ვეცით, ჩვენ თუ საკუთარ სუვერენიტეტს პატივი არ ვეცით, არავინ ჩვენ პატივს არ გვცემს. რა თქმა უნდა, ყველასთვის კომფორტულია ყავდეს პარტნიორად ისეთი, რომელსაც რაღაცას ეტყვი და ყველაფერში დაეთანხმება. მაგრამ ასე ხდება, ხანდახან ჩვენი ინტერესდები არ ემთხვევა სხვების ინტერესებს. ასეა სამყარო მოწყობილი, რომ არსებობს მუდმივი ინტერესები და არა მუდმივი მეგობრები. ესეც ხომ იქ არის ნათქვამი -ევროპაში. ამიტომ, გთხოვთ ასე შეხედოთ ყველამ. ჩემთვის ეს თემა ყოველთვის მგრძნობიარეა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ ჩვენს პარლამენტზე, უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოზე, უნდა ვაცნობიერებდეთ რა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.