თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა. შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან დელეგაციას ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სუნგგინ ჩანგი. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მოლაპარაკებების გახსნას წინ უძღოდა მრავალწლიანი ინტენსიული მუშაობა კორეის რესპუბლიკის მხარესთან, აგრეთვე მომზადდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ შეთანხმების გაფორმება ურთიერთსარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის.
„შეთანხმება დადებითად აისახება როგორც ორმხრივ ვაჭრობაზე, ასევე სტიმულს მისცემს კორეელ და საერთაშორისო ბიზნესმენებს, ინვესტიციები საქართველოში დააბანდონ. 1997-2022 წლების მონაცემებით, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს ეკონომიკაში 211 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. შეთანხმების შედეგად, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება. ამასთან, სამხრეთ კორეა 60-მილიონზე მეტი მაღალმყიდველუნარიანობით გამორჩეული მომხმარებლით პრიორიტეტული ბაზარია ქართველი ექსპორტიორებისთვის“ – განაცხადა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის გარდა, მზარდი დინამიკით ხასიათდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში – 2023 წელს ამ ქვეყნიდან საქართველოს ეწვია 191%-ით მეტი ტურისტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას არა მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებით. ბევრი კორეელი დაინტერესებულია საქართველოთი და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, უკეთ გაეცნონ საქართველოს. შეთანხმება წაახალისებს როგორც ტურისტებს, ასევე ბიზნესმენებს ეწვიონ საქართველოს. კორეის რესპუბლიკა ეძებს რეგიონულ ჰაბს კავკასიის რეგიონში, ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება“ – განაცხადა კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა სუნგგინ ჩანგმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ჯერ კიდევ 2023 წლის 2 ნოემბერს სეულში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას.