საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას – ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას

26/12/2023

„მოხარული ვარ, რომ კვლავ მაქვს პატივი, მოგმართოთ ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც, ბოლო წლებში, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, მიღწევებისა და გამოწვევების განსახილველად მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენცია 2023-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციის მონაწილეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით, პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე. საპარლამენტო საქმიანობის მესამედი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას მიეძღვნა. ასევე, მთავრობის მსგავსად, პრაქტიკულად მთლიანი პარლამენტი იყო ჩართული ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიურ მუშაობაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა.
საპარლამენტო დიპლომატიური ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენი აქტიური და პროფესიულად მაღალი დონის მხარდაჭერის გარეშე.
ამიტომ მოლოცვასთან ერთად, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის წევრობის გზაზე ორი ფუნდამენტური ნაბიჯიდან ერთს უკვე მივაღწიეთ – მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით უნდა შევუდგეთ მეორე ნაბიჯისკენ – ევროკავშირში სრული წევრობისკენ სიარულს.

„კანდიდატის სტატუტის მოპოვების წელიწად-ნახევრიანმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა ის, თუ რომელ დღეს თუ თვეს დაიწყება ესა თუ ის ეტაპი, არამედ ის, რომ საერთო ჯამში, პროცესი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ნაკლები ისტერიით და შედეგზე მეტად ორიენტირებით. საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას, რათა ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული მზადყოფნის შემთხვევაში, მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დროულად დავასრულოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა არის ამ ოკუპაციის სახე და შეგვახსენებს იმ სირთულეებსა და რისკებს, რის წინაშეც ყოველდღიურად დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ოკუპაციის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ეს არის საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გლობალურ და, განსაკუთრებით, რეგიონულ დონეზე, 2023 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე გამოდგა. კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში, გამძაფრდა კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, კვლავ არასტაბილურია მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში.

„მშვიდობიან სამხრეთ კავკასიას აქვს გეოპოლიტიკური, უსაფრთხოების და სავაჭრო ლანდშაფტის რადიკალურად შეცვლის და შესაძლებლობების ბევრი ახალი ფანჯრის გახსნის რესურსი. ამიტომ მოუთმენლად ველოდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და ძალისხმევას არ ვიშურებთ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობის და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.

„ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე, მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება. ამ საქმეში თქვენ, საქართველოს ელჩებს, უდიდესი როლი გაქვთ. დღეს ე.წ. ჰედლაინების ეპოქაში ვცხოვრობთ. ხშირად, ერთ ჰედლაინს გუშინდელი ერთი სტატიის თუ მთელი პიარკამპანიის დატვირთვა აქვს. ამასთან, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში სოციალური მედიის საშუალებებმა დიდი ძალა შეიძინა. ამიტომ საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოურ საზოგადოებებთან სამუშაოდ გთხოვთ მეტ აქტიურობას და მეტ ძალისხმევას როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიების საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ღირსეული, პროფესიონალური საქმიანობისთვის ელჩებს მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0