დედაქალაქის მერიაში თბილისის გერბის და დროშის ნიმუშების შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

20/12/2023

თბილისის მერიაში დედაქალაქის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს – დროშისა და გერბის ნიმუშების შესარჩევი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა კონკურსის ჩატარების პირობებსა და ვადებზე იმსჯელეს. კომისიის წევრების მოსაზრებით, თბილისის დღევანდელი სიმბოლიკა გარკვეული ფორმით ფუნქციონირებას გააგრძელებს მას შემდეგაც, რაც დედაქალაქს შესაბამისი გერბი და დროშა ექნება. კომისიის წევრის, ისტორიკოს მამუკა წურწუმიას განცხადებით, ახალი სიმბოლიკა ჰერალდიკის კანონების დაცვით უნდა შეიქმნას, რადგან არსებული ემბლემა არ პასუხობს მოთხოვნებს.

„სხდომამ გადაწყვიტა, რომ თბილისს ჰქონოდა გერბი და დროშა. მინდა დავაზუსტო, რომ აქ არ არის საუბარი ახალ გერბზე, რადგან არსებული ემბლემის, რომელიც ცნობილი მხატვრის მიერ არის შექმნილი და მხატვრულად მაღალი ღირებულების ნაწარმოებია, ამოღება დღის წესრიგში არ დგას. ძველი ემბლემა არ პასუხობდა გერბის მოთხოვნებს, ის რეალურად ემბლემაა და არა გერბი. ახალი გერბი და დროშა უნდა მომზადდეს ჰერალდიკის კანონების დაცვით. თუ რას უნდა პასუხობდეს გერბი, ეს ყველაფერი ახალი კონკურსის პირობებში იქნება ასახული. დადგინდება კონკურსის ვადები და პირობები, რომელიც ჰერალდიკის ყველა კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს და შედეგად გვექნება ქალაქის გერბი, რომელიც უპასუხებს ჰერალდიკის ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა მამუკა წურწუმიამ.

მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დედაქალაქის გერბის და დროშის შესარჩევი კონკურსი, შეხვედრაზე გამოხატული მოსაზრებების გათვალისწინებით, მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

„დღესპირველი სამუშაო შეხვედრა შედგა კომისიისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამომავლოდ ქალაქის გერბისა და დროშის ბედი. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონკურსთან დაკავშირებით. უკვე მომავალი წლის დასაწყისში იქნება ინიცირებული კონკურსი იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც გამოითქვა სხდომაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეხვედრას გერბისა და დროშის შესარჩევი კომისიის წევრები – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრები, „ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის“ საბჭოს წევრები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჰერალდიკის საკითხებზე მომუშავე მეცნიერები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0