დედაქალაქის მერი „თეგეტა ჰოლდინგის“ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის გახსნას დაესწრო

17/12/2023

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის ქუჩაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის გახსნას დაესწრო. კახა კალაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ რიგში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

„ყველა, ვისაც უხარია ქვეყნის განვითარება და წინსვლა, ბედნიერი და გახარებულია. კიდევ ერთხელ ყველას, სრულიად საქართველოს ვულოცავ და უნდა გავაგრძელოთ ეს გზა ევროპისკენ, სხვანაირად წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ეს პროექტიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპა, თბილისი არის ევროპული ქალაქი. მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით ადამიანს ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელს, თემურ კოხოძეს და ქვეყნის განვითარებაში ბიზნეს სექტორის როლზე ისაუბრა.

“შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სერვის-ცენტრი არის. ყველაფერია გათვალისწინებული, მათ შორის სწრაფი დამტენები ელექტრომობილებისთვის, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ, თბილისის მერია, მუნიციპალიტეტი ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების პოპულარიზაციას, რათა მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს დედაქალაქში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში. ზოგადად, ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დოვლათის შექმნას. მინდა იცოდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, რომ საქართველოს ხელისუფლების, თბილისის მერიის მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა და თანადგომა იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაასაქმოთ და მეტი დოვლათი შექმნათ ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომპლექსში მომხმარებელი მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებას შეძლებს, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. სერვისცენტრი ითვალისწინებს მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის საჭიროებებს. მეტი ხელმისაწვდომობისთვის ხუთი დამტენი განთავსდა შოურუმის ეზოში. „თეგეტას“ ახალ კომპლექსში გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის საკითხი და შენობების სახურავებზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული. აღნიშნული პანელები წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც სერვისცენტრის საქმიანობისთვის საჭირო ენერგიის 75%-ზე მეტია. განახლებული სერვისცენტრი ასევე აღჭურვილია CO2-ის დეტექტორებით, რომლის დახმარებით, დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე, ტექნიკური გამწოვები უფრო მძლავრად ამოქმედდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0