თითოეულ ქართველს, ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ევროკავშირის ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას

15/12/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში მან 14 დეკემბრის ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ვიცე-პრემირმა აღნიშნა, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახალი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში.

„ჩვენთვის ევროპაში ყოფნა ცივილიზაციური არჩევანია და შესაბამისად, ის აღემატება ეკონომიკურ, პრაგმატულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ცხოვრებაში, თითოეული ქართველისთვის საზეიმო დღეა და ჩვენ ყველა ვართ ემოციურები, როდესაც საქართველომ დღეს უკვე ოფიციალურად, საბოლოოდ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, 2014 წლიდან მოყოლებული გავიარეთ ეს გზა – როდესაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებით ყველა ვალდებულება შეასრულა, იყო გამორჩეული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო ასევე წარმატებით გაივლის დანარჩენ გზასაც და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულყოფილი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, საქართველო ყველა აღებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა და სამართლიანად მიიღო ევროკავშირის წევრობის სტატუსი – რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო. მან ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა საჯარო მოხელეს, რომელთა დამსახურება არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა საჯარო მოხელეების მონდომება, შრომა და პროფესიონალიზმი, ჩვენ ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0