განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება. ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფუნქციები ახალგაზრდული მიმართულებით გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. შესაბამისად, კომიტეტების სახელწოდებები განისაზღვრება როგორც – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და სპორტის კომიტეტი. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება გამოწვეულია იმ სტრუქტურული რეფორმის გატარებით, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის სფეროში გადაეცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
„თანხვედრაში ვიქნებით იმ ფუნქციურ გადანაწილებასთან, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე მოხდა“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.