​ქართველი და ინგუში ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს

08/12/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ინგუში დიზაინერის ზეინელ ბეკოვას ტრადიციული რეწვის ნიმუშების ჩვენება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს დედაქალაქში, თბილისი ოდითგანვე კავკასიის არა მარტო გეოგრაფიული, არამედ საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ცენტრია, რისი დასტურიც დღევანდელი ღონისძიებაცაა. ​ქართველი და ინგუში ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს. რუსეთის იმპერია კავკასიაში ზოგჯერ წარმატებით ახორციელებდა Divide et Impera – „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკას, რაც კავკასიელ ხალხებს შორის შიდა დაპირისპირებას იწვევდა, მაგრამ ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის არასდროს ჰქონია ადგილი ამგვარ დაპირისპირებასა და გაუგებრობას. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინგუში დიზაინერის ზეინელ ბეკოვას კოლექცია შექმნილია ინგუშეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების ორიგინალური ინტერპრეტაციის გზით. ბექა ოდიშარიას თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქართულ-ინგუშური სახელოვნებო სფეროების გაცნობასა და დაახლოებას. ღონისძიებას სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტი-ახალგაზრდები, ჩრდილოკავკასიური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0