ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

07/12/2023

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს და ამერიკის მთავრობას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, რობინ დანიგანს, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციაზე, მათ დადგენასა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. მინისტრმა, დიპლომატს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსების შესახებაც.
ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს. შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებსა და შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზეც იმსჯელეს.
ზურაბ აზარაშვილმა სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს გაუსვა ხაზი, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება სამუშაო ადგილებზე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. მინისტრმა დიპლომატს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მისი განცხადებით 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართს 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორი თუშარ საინი და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორის მოადგილე ბეთანი ანდერსონი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0