გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკუსტიკური ხმაურის ნორმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06/12/2023

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის წესების გადახედვის თაობაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ხმაურთან მიმართებაში არის საკითხები, რომლებიც არსებული კანონმდებლობით არაერთგვაროვნად არის დარეგულირებული ან აღსრულების თვალსაზრისით გაბნეულია სხვადასხვა მიმართულებით. ნაწილი მუნიციპალიტეტების აღსასრულებელია, ნაწილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს და წერილობით მიმართავს როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე პარლამენტს, ამიტომ ეს საკითხი ახლებურად დარეგულირებას საჭიროებს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ხმაურის ინდექსის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე და იმ ხარვეზებზე, რომელიც კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხმაურის გაზომვის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა უწყების – ჯანდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს და მუნიციპალიტეტების აქტიური კოორდინაციის აუცილებლობაზე. შევთანხმდით, რომ საჭიროა გადაიხედოს და დამუშავდეს მთავრობის დადგენილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის ნორმებს და მონიტორინგის წესს განსაზღვრავს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0