სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხზე მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდობის მიმართულება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადადის. მისივე თქმით, მთავრობის სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებები საკომიტეტო საქმიანობაზეც აისახება და შესაბამისად, რეგლამენტში ცვლილებების თანახმად, კომიტეტების სახელწოდებები – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტად და სპორტის კომიტეტად შეიცვლება. კომიტეტის წევრებმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე ა(ა)იპ „სპორტული თაობის“ დირექტორმა ზურაბ ბერიკაშვილმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე მოხსენება წარადგინა. მომხსენებელმა 2018 წლიდან, ორგანიზაციის შექმნიდან დღემდე, სპორტისა და ახალგაზრდობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რაც საქართველოში აღნიშნული მიმართულებების მხარდასაჭერად ჩატარდა. მისი თქმით, ორგანიზაცია სამი მიმართულებით – სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით, მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციით და სოციალურ მედიაში აქტივობით საქმიანობს და 5 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართა. ზურაბ ბერიკაშვილმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მომხსენებელს მადლობა გადაუხადა და კომიტეტთან ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობის ფორმატი შესთავაზა. სხდომაზე ირაკლი მეძმარიაშვილმა კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას, რომელშიც სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები შედიან, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე დაემატება.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ახალგაზრდობის მიმართულების გადაცემა იგეგმება
05/12/2023