აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

29/11/2023

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი, საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის 85%-მდე გაზრდის ვალდებულების გადავადებას ეხება. როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონის შესაბამისად, ბრენდის ეტიკეტზე მითითება „ქართული ბრენდი“ შესაძლებელი იქნება 2024 წლის 2 იანვრიდან იმ შემთხვევაში, თუკი ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან არის დამზადებული. აღნიშნული ნორმის ამოქმედებამდე კი ეტიკეტზე „ქართული ბრენდის“ მითითება შესაძლებელია, თუ ბრენდის არანაკლებ 50% საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული.

„ამ საკითხის ირგვლივ ღვინის ეროვნულ სააგენტოში სექტორის წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა და დაისვა საკითხი, რომ კანონის მოთხოვნაში ზღვრის ნახტომისებური ზრდა არ იყოს და ბრენდის შემადგენლობაში საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტის შემცველობა ყოველწლიურად გარკვეული პროცენტულობით გაიზარდოს გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო წარმოებას შეფერხებები არ ჰქონდეს. ამგვარად, შემოთავაზებული კანონპროექტით ხდება ვალდებულების ვადის გადავადება, მაგრამ მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში ყოველწლიურად 5-10%-ით მოხდება ბრენდის შემცველობაში შესაბამისად გამოყენებული სპირტის ზღვრის დადგენა“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დღეისათვის ქვეყანაში აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი 60-მდე კომპანიაა და სწორედ მათთან არაერთი კონსულტაციის შედეგად ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ გადავადდეს კანონის შესაბამისი ნორმა და „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის ზღვრის დადგენა ეტაპობრივად მოხდეს, რაც საშუალებას მისცემს კერძო სექტორს დაბალანსებულად, ასევე ეტაპობრივად განახორციელოს რეფორმა. ყოველწლიური ზღვრის ზრდა კი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვრება. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, რომ გონივრულ ვადაში შეცვალონ საწარმოო პოლიტიკა და გაატარონ საჭირო ღონისძიებები, რათა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არამართლზომიერ ტვირთად არ დააწვეთ მათ, რამაც დარგის განვითარების ხელშეწყობის ნაცვლად, შესაძლოა საერთაშორისო ბაზრების დაკარგვა და პროდუქციის წარმოების შემცირება გამოიწვიოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0