ურბანული ტრანსპორტის მართვის ცენტრის შექმნის მიზნით, უწყებათა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27/11/2023

ურბანული ტრანსპორტის მართვის ცენტრის შექმნის მიზნით, თბილისის მერიას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, საგანგებო მართვის სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, მუნიციპალური სერვისების განვითარები სააგენტოს, შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და „თბილისის მიკროავტობუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, გააერთიანოს დაინტერესებული მხარეები, რათა ურბანული ტრანსპორტის მართვის ცენტრის შექმნის გზით, დედაქალაქში მობილობის გამოწვევები გადაიჭრას. დღევანდელი ღონისძიებაზე ხელი მოეწერა უწყებათაშორის მემორანდუმს, რომელიც „მდგრადი ურბანული მობილობის პროექტის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – ურბანული ტრანსპორტის მართვის ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად. მოგეხსენებათ, თბილისის მერია, საქართველოს მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, საკონსულტაციო კომპანია “გოპას“ მონაწილეობით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს.
„მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი“, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, დედაქალაქში განავითარებს ჭკვიან სატრანსპორტო სისტემებს, განაახლებს ინფრასტრუქტურას, და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემების ინტეგრაციას.
პროექტის ყველა ეტაპი წარიმართება შესაბამისი დაინტერესებული პირების, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით, ხოლო მისი განხორციელებით მოსალოდნელ შედეგებს შორისაა შემცირებული საცობები და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, შემცირებული მგზავრობის და მოლოდინის დროები. ამასთან, გაუმჯობესდება საგზაო ნაკადების მართვა და სამგზავრო გარემო, დაინერგება საგანგებო, სპეციალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის, ასევე აღსრულების თანამედროვე ტექნოლოგიები და პრაქტიკა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მემორანდუმის ხელმოწერამდე, ღონისძიებაზე, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ქალბატონი ვერონიკა გარსია დელ არკო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ, პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ პროგრესისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს „მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“ ახორციელებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, საქართველოს მთავრობისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მეშვეობით. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ქალებისა და გოგონებისათვის უსაფრთხო სამგზავრო გარემოს უზრუნველყოფას. პროექტის მენეჯმენტსა და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს ექვსი კომპანიისგან შექმნილი კონსორციუმი „გოპა ინფრა“ (GOPA Infra Consultants GmbH). მათ შორისაა: ILF Consulting Engineers Austria GmbH, ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (AIT), A+S Consult GmbH, ILF Consulting Engineers Georgia GmbH, ,,შპს კავკასუს საკონსულტაციო ჯგუფი“ (CCG).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0