დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე მდებარე სოფელ ვაშლობში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამიერიდან, სოფელში მუდმივად მცხოვრები ორი ოჯახი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლების, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირების საკითხი. დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვაშლობში უკვე დასრულებულ სამუშაოებს გავეცანით. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ და სხვა მიმართულებით გამოწვევები მხარის მასშტაბით კვლავ არსებობს და ამიტომ, კოორდინირებულ მუშაობას, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ინტენსიურად გავაგრძელებთ”,- განაცხადა დავით ნოზაძემ.
წელს გაზიფიცირების სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში დასრულდა.