მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის – Luxury Collection – შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის” საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შეემატა.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, ძვირფას საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური სასტუმროს გახსნის ცერემონიაში. მინდა ყველას მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის დასრულება. თბილისს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მარიოტის საერთაშორისო ქსელის Autograph Collection-ის ბრენდი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში პირველად და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი” გაიხსნა, რომელიც მართლაც გამორჩეული სასტუმრო არის მთელ რეგიონში. დღეს კი მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის – Luxury Collection – შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება. ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია დედაქალაქის ცენტრში ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური ახალი სასტუმროს ფუნქციონირება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, 220 ნომერი, 5 სხვადასხვა კატეგორიის რესტორანი და სხვა სივრცეები – ეს ყველაფერი ქმნის ყველა იმ საშუალებას, რომ სასტუმრომ უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს, ბიზნესკონფერენციებს, ვიზიტორებს, დამსვენებლებს, ჩვენს ტურისტებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „პარაგრაფ თბილისის” ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია.
„საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და, რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის – როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა თანაინვესტირების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. ასევე მინდა ვთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს – 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელში შეიქმნა ახალი 85 000 საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში – 85 000 ახალი საწოლი ადგილი. ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფად ჩვენს ქვეყანაში. შარშან საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. წელს უკვე სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ. ეს ყველაფერი გვაძლევს ძლიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალი პროექტის დასრულებას. დიდი მადლობა!”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს სასტუმროების მართვის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტოგონიძემ, მარიოტის საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტმა სატია ანანდიმ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა და სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის” გენერალურმა მენეჯერმა ტომას ვან ოპსტალმა.
„პარაგრაფ თბილისი” მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის” ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ აშშ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში” და „პარაგრაფ შეკვეთილში” ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს. „პარაგრაფ თბილისი” შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები. მარიოტის საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი” გახსნა.