საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩ ბერგლიოტ ჰოვლანდთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიურ განვითარებას მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩო გაიხსნა. ყურადღება გამახვილდა მზარდ საპარლამენტო კავშირებზე. შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიული მხარისადმი მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. ელჩმა თავმჯდომარეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპული კომისიის პოზიტიური რეკომენდაცია მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ნორვეგია მომავალშიც შეუწყობს ხელს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ისაუბრა ამ გზაზე საქართველოს ძირითად მიღწევებზე. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონული მშვიდობის დამყარების პროცესში.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა
21/11/2023