საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ქართულმა „სილქ როუდ ჯგუფმა“, ამერიკულმა კინოსტუდიამ WonderHill Studios და ამერიკულმა საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიამ ESTech, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოში ერთობლივი საწარმოს – WonderSilk Studios (WSS) დაარსების შესახებ, რომელიც კინოწარმოებისა და კინოს დაფინანსების სფეროში იმუშავებს. აღნიშნული პარტნიორობის მიზანია შესთავაზოს ჰოლივუდის სტუდიებსა და დამოუკიდებელ პროდიუსერებს ადგილობრივი სივრცეების, საგადასახადო შეღავათების, პერსონალის და სხვა ადგილობრივი რესურსის გამოყენების მკაფიო და მოწესრიგებული სქემა. 2023-2024 წლის განმავლობაში ერთობლივი საწარმო WSS გეგმავს საქართველოსა და ყაზახეთში 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კინოპროექტების შემოტანას.
„კინოინდუსტრია ის დარგია, სადაც წარმატების საუკეთესო მოდელი დამყარებულია საჯარო – კერძო პარტნიორობაზე. ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, წამყვანი ქართული და ამერიკული კომპანიების, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა ამ პროექტში მოგვცემს წარმატების ფორმულას. ამ შემთხვევაში, წარმატება იქნება ის, რომ გვქონდეს მეტი საქართველო ჰოლივუდში და მეტი ჰოლივუდი – საქართველოში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო 6 წელია, აქტიურად არის ჩართული კინოინდუსტრიის ხელშეწყობაში.
„ჩვენ შექმენით სხვადასხვა ტიპის პროგრამები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე – 40 ფილმზე მეტია ამ პორტფელში, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და შექმნა ასობით სამუშაო ადგილი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ საპროდიუსერო კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა. ჩვენ ყველა საერთაშორისო პროფილურ გამოფენაზე ვართ წარმოდგენილი, როგორც ქვეყანა და ქართველ პროდიუსერებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ საერთაშორისო კომპანიებს იმის შესახებ, რატომ შეიძლება იყოს საქართველოში საინტერესო და მომგებიანი ფილმის გადაღება,“ – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.