მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არ არის კორელაცია

10/11/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი. კანონპროექტით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი. პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები. მოქმედი ნორმით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონპროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ თუ საჭირო იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობის შემცირება, ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით.
როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არ არის კორელაცია. კერძოდ, როდესაც ეკონომიკური ზრდა მაღალია და ბევრი შემოსავალია, მთავრობას უწევს კოეფიციენტის ცვლილება, ხოლო როცა შემოსავალი მცირეა, პირიქით, თანხების დამატება ხდება საჭირო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების იმ მოდელზე გადასვლა, რაც აქვს ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუციას საქართველოში – საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს, აუდიტის სამსახურს, პარლამენტს და პროკურატურას. პაატა კვიჟინაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული გამონაკლისის თანახმად, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით საჭირო იქნება დაფინანსების გაზრდა, ეს შესაძლებელი იქნება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაფინანსება შემცირდება გაზრდილი თანხის ოდენობით. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ზაალ მიქელაძე, ირაკლი კირცხალია, ირაკლი ზარქუა, დილარ ხაბულიანი და ბექა ლილუაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0