ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ უწყების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ინსტიტუციური და ორგანიზაციული რეფორმების, მიღწეული შედეგების, სამსახურის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია.
„ჩამოყალიბების პირველივე დღიდან უმთავრეს პრიორიტეტებად დავისახეთ ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარება, გამოძიების ხარისხის უზრუნველყოფა, მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება, ევროკომისიის თორმეტპუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება“,- განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მან ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელთა შესრულებაც უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.