დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წინანდალში გასვლითი სხდომის ფარგლებში, ენერგეტიკული ფორუმი გამართა. ფორუმზე ენერგოდამოუკიდებლობის აქტთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც ახლო მომავალში კანონპროექტის სახით შევა პარლამენტში განსახილველად. დოკუმენტი კომიტეტს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა ელენე ღუბიანურმა წარუდგინა. კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკის ხანგრძლივი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა შეუძლებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე, ამიტომ ამ დოკუმენტით განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომლებიც ქვეყნის სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფენ და წარმოადგენენ ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელ პრინციპს. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თავის გამოსვლაში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4596 მგვტ-ია.
„ქვეყნის ადგილობრივი გენერაციის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. მათგან, ძირითადი დატვირთვა მარეგულირებელ ჰესებზე მოდის და მთლიანი კალათის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით. კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები კანონმდებლობაში ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორით ინვესტორების დაინტერესების მიზნით.
„ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2012 წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა 66 ელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით – 1211 მგვტ. მათი ჯამური წლიური გენერაციაა დაახლოებით 6326 გვტ.სთ, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ დაახლოებით 1.901 მილირდი აშშ დოლარი შეადგინა,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისი თქმით, საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის მიზანს განახლებადი ენერგიების ათვისებისათვის ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. მხარდაჭერის სქემის ფარგლებში იგეგმება სიმძლავრის აუქციონების გამოცხადება, ჯამში, 1500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
ასევე, ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების და მოქალაქეთა კეთილდღეობის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა. დოკუმენტის განხილვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.