მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაა

02/11/2023

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს. ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტს 2022 წლის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მინისტრის ინფორმაციით, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, რისთვისაც 2022 წელს მიმდინარეობდა 7,4 მილიარდამდე ლარის 287 პროექტი, საიდანაც დასრულდა 120 პროექტი.
2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე. მათ შორის: აღმოსავლეთ-დასავლეთის, კახეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებებზე, რომლის ფარგლებშიც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-ქობულეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, 2023 წელს კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნება რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 108 კმ-ის მშენებლობა, რომლის ძირითადი მონაკვეთების დასრულება 2024 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. სამუშაოები მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის პროექტზეც, სადაც დღეის მდგომარეობით 9 კმ-იანი გვირაბის 7,7 კმ უკვე გაჭრილია.
2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შედეგად, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, 2023 წელს პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთის დასრულებაა დაგეგმილი. 2023 წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც.
2022 წელს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი 4 ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, ე.წ.მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისათვის საჭირო პროექტებზე და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები.

„2022 წელს მიმდინარეობდა 79 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 57 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო დანარჩენი სკოლების დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2023-2025 წლებში. 2022 წელს მიმდინარეობდა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის: ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის, ახალციხის, ზუგდიდის და სოფელ არხილოსკალოს სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ქალაქ მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, ბოლნისში და წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ანგარიშის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური იქნება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები.
​აღნიშნულის წინაპირობა სამინისტროს მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებელია, რამაც 108.5% შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0