პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ კანონპროექტების წარდგენისას განაცხადა, ცვლილების ძირითადი არსი ემსახურება ქვეყანაში შესყიდვის ახალი მექანიზმის, ე.წ. მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement, MEA) საკანონმდებლო დონეზე აღიარებას.
„ფარმაცევტული პროდუქციის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმების ბაზარზე არის იშვიათი დაავადებების სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტები, ასევე ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტები. ასეთი მედიკამენტების ნუსხა ყოველწლიურად მაღალი არ არის, თუმცა, ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარკვეული ჯგუფების პაციენტებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.