2012 წლიდან მოყოლებული სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი მუდმივად მზარდია და ბოლო რამდენიმე წელია ის 90%-ზე მეტია

20/10/2023

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმედი არა – მწამს იმის, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი და არა მხოლოდ ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლიანი ნაწილის მხარდაჭერილი კანდიდატი ბატონი ლევან იოსელიანი იქნება სწორედ ის სახალხო დამცველი, რომელიც შეძლებს იყოს უფრო მეტად კრიტიკულიც, უფრო მეტად მწვავეც და არამც და არამც პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკურად მიკერძოებული“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის „2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშის მოსმენის დროს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ანგარიში არ არის ლევან იოსელიანის ხელმძღვანელობის პირობებში მომზადებული, უნდა აღინიშნოს, რომ მასში ძალიან ბევრი ფრაგმენტი და ეპიზოდია პოლიტიკურად მიკერძოებულია, დაწყებული შეფასებებით, დამთავრებული გარკვეული გარემოებებით. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი მუდმივად მზარდია და ბოლო რამდენიმე წელია ის 90%-ზე მეტია.

„ეს იმიტომ არა, რომ ყველა რეკომენდაციის საფუძველს, რომელიც წარმოდგენილია ანგარიშში, ჩვენ უპირობოთ ვეთანხმებით ან ვიზიარებთ, ძალიან ბევრგან აღმოჩნდა კონკრეტული გარემოებები და რეკომენდაციები, რომელთა საფუძვლად მითითებული ფაქტები უბრალოდ სინამდვილეს არ შეეფერებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევეცადეთ, რომ პრევენციული თვალსაზრისით იგივე თემაზე რეკომენდაცია მაინც გავცეთ და შესაბამისად, არის ჩვენი მხრიდან სწორი დამოკიდებულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0