საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სათანადო პარტნიორი, როგორც ევროკავშირისთვის ასევე, ჩინეთისთვის

20/10/2023

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის წევრებმა: თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ტარიელ ნაკაიძემ, თამარ კორძაიამ, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დაიბარეს.

„ბატონო მინისტრო, დღეს დაგიბარეთ საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ. ჩემთვის, როგორც ერთი დეპუტატისთვის ისევე, როგორც ჩვენი ბევრი სხვა სტრატეგიული პარტნიორისთვის მოულოდნელი იყო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არაფერია ნათქვამი“, – განაცხადა ინტერპელაციის ერთ-ერთმა ავტორმა თეონა აქუბარდიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 9 ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას უკავშირდება.

„საკანონმდებლო ორგანოში ჩემი ბოლო გამოსვლის შემდეგ, ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის, საქართველო იმყოფება სამწუხაროდ, არათუ შემსუბუქდა არამედ, კიდევ უფრო გართულდა და კომპლექსური გახდა. საქართველოს სწორედ ამ გარემოში უწევს ყველა იმ საგარეო პოლიტიკური მიზნისა თუ ამოცანის განხორციელება, რაც აქვს დასახული. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან ჭრილში უნდა იქნას დანახული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა განმარტა ის მიზეზები, რის გამოც არ მოხდა პარლამენტთან აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმება. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება განხორციელდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტიდან. მისივე თქმით, ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული მიმართულებები სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წელს დამტკიცებულ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

„ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. დოკუმენტში საუბარია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობაზე, რეგიონული და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სათანადო პარტნიორი, როგორც ევროკავშირისთვის ასევე, ჩინეთისთვის. მისივე განცხადებით, ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული და პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას.

„ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომ რეალიზაციას. ამასთან, ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“ დოკუმენტში, ხაზგასმულია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. მინისტრის განცხადებით, ჩინეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის.

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ერთ ფორმატში ყოფნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამით საქართველო კიდევ ერთხელ მოახდენს საკუთარი თავისა და ადგილის იდენტიფიცირებას ევროპის სივრცესთან. დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო წარმოადგენს ევროპის განუყოფელ ნაწილს. 14+1 ფორმატი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთგვარ დამატებით მექანიზმად შეგვიძლია განვიხილოთ, განსაკუთრებით ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადის ფონზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო და ჩინეთი პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და არაღიარებასთან დაკავშირებით. ჩინეთის ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჩინეთმა კარგად იცის რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ამ მიზნების მისაღწევად პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0