იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

16/10/2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტი განიხილა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წელი დაგეგმილია 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,5%-ის ოდენობით, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 38,2%-ს ოდენობით.

„ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები პროგნოზირებულია 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტის პროგნოზი შეადგენს 85,4 მლრდ ლარს. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, შემოსულობები ჯამში შეადგენს 23 881.7 მლნ ლარს, საიდანაც შემოსავლები 19 883,9 მლნ ლარია, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 18 323 მლნ ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,161.2 მლნ ლარია, საიდანაც მესამედზე მეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებზე დაიხარჯება და აღნიშნული თანხა 7 735,0 მლნ ლარია. ​პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 400,0 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 370,0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 210,0 მლნ ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის – 205,0 მლნ ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის – 90,0 მლნ ლარი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის – 4,8 მლნ ლარი, საქართველოს პროკურატურისთვის – 62,9 მლნ ლარი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის – 18,0 მლნ ლარი, სასამართლო სისტემისთვის – 153,7 მლნ ლარი, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 11,0 მლნ ლარი, სახალხო დამცველის აპარატისთვის – 10,5 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – 7,0 მლნ ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0