განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები შიდა ქართლის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ

14/10/2023

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატურ მოკვლევას ახორციელებს საკითხზე – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე. მოკვლევის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი გიორგი ჩაკვეტაძე და მოკვლევის ჯგუფის წევრი გრეტა წიწავა შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრნენ. დეპუტატებმა რეგიონში არსებული ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებები დაათვალიერეს და აღმზრდელ-პედაგოგებს გაესაუბრნენ. ბაგა-ბაღების წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათი მოსაზრებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.

„კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის ფარგლებში, შიდა ქართლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დავათვალიერეთ. შევხვდით რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებსა და დირექტორებს. მუნიციპალიტეტების საჭიროებებს ადგილზე გავეცანით და მათგან თემატური მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს, რაც 885 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციასა და მშენებლობას გულისხმობს. მოკვლევის დასრულებას წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ. მიღებული შედეგები ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების კუთხით მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება. შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამის უწყებებს მიეწოდება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა განხორციელდება“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მოკვლევის ჯგუფის წევრები ხაშურის მე-7, გორის მე-3 და სოფელ ქვემო ხვითის, კასპის მე-4 და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საბავშვო ბაგა-ბაღებში იმყოფებოდნენ. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გორისა და კასპის ახალარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, ადგილობრივი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

„ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება სრულიად განსხვავებულ მიდგომას ახორციელებს სკოლამდელი განათლების მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები. მოკვლევის შედეგად ჩამოყალიბდება სტრატეგიული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა მომავალში“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0