საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის სალოტბარო სკოლას ესტუმრა. მინისტრი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან და მის მოადგილესთან ერთად, სკოლის საქმიანობას, საჭიროებებსა და მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სალოტბარო სკოლის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და რეგიონში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ დუშეთის სალოტბარო სკოლა 2015 წელს დაფუძნდა. დღევანდელი მდგომარეობით, სკოლაში 27 მოსწავლეა რეგისტრირებული, რომელთაც ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებას ლოტბარი ზვიად მიჩილაშვილი აცნობს. სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით, ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს 30 სალოტბარო სკოლა, სადაც ახალგაზრდები ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრასა და ხალხურ სიმღერას უსასყიდლოდ სწავლობენ.
თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის სალოტბარო სკოლას ესტუმრა
13/10/2023