პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშები განიხილეს.
საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრებს პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და სსიპ-ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა აუდიტის ობიექტებზე და შესასწავლ პერიოდზე და შესწავლის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე ისაუბრა. აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა სხდომის მონაწილეებს თითოეული აუდიტის ობიექტისთვის მომზადებული რეკომენდაციები გააცნო. პროგრამა „სტარტაპ საქართველოსთვის“ 7 რეკომენდაცია, სსიპ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის კი 4 რეკომენდაცია მომზადდა. მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ აუდიტის სამსახურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, სხდომაზე მოწვეულ აუდიტის ობიექტის წარმომადგენლებს კი რეკომენდაციების შესრულებისკენ და გამოვლენილი მიგნებების დროულად აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა
11/10/2023