სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

10/10/2023

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის პროექტი განიხილეს. მომავალი წლისთვის დაგეგმილ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2024 წლისთვის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ის ოდენობით დაიგეგმა, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი კი 85,4 მლრდ. ლარით განისაზღვრა. მისივე თქმით, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 24 161, 188 მლნ. ლარს, შემოსულობები კი 23 881, 660 მლნ. ლარს შეადგენს. მომხსენებელმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის დაგეგმილ ასიგნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის სამინისტრო 460 მილიონი ლარით დაფინანსდება. მისივე თქმით, წარმოდგენილ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ოლიმპიადასთან დაკავშირებული თანხები და ქართველი სპორტსმენების შედეგების მიხედვით, შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი თანხების გამოყოფაც მოხდეს. სხდომაზე საქართველოს ეროვნული სამშვიდობო-სპორტული პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სამხარაძემ სოფელ ერგნეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული თანამედროვე სპორტული კომპლექსი ოსების და ქართველების სამშვიდობო და შერიგების პროცესს მნიშვნელოვნად წაადგება. კომიტეტის წევრებმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა აღნიშნეს და სპორტული კომპლექსის აშენების ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მისი გათვალისწინების წინადადებით მიმართა. კომიტეტის წევრებმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0