სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ ყველანი, პირველ რიგში მთავრობა, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური, თავდადება, გმირობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში” ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი ძალიან მოკლე ვადაში შესრულდა. პრემიერმა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, ოჯახის წევრებს, ბავშვებს, ყველას მოგესალმებით დიდი პატივისცემით, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო. მე მინდა, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. „ჯარის ქალაქი” დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი არის დასრულებული. იცით, რომ ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება და მოწესრიგება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა, ნებისმიერი საკითხის მოგვარება და, რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადაში შესრულდა. მე მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას. იცით, რომ ჩვენ უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს საამაყო ჯარს. მე მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ის გაგრძელდება და ასეთივე ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თქვენი ეს თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ ყველანი, პირველ რიგში მთავრობა, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური, თქვენი თავდადება, თქვენი გმირობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, თქვენი გმირობის წინაშე. თქვენს ოჯახებს მინდა მადლობა გადავუხადო, თქვენს მეუღლეებს, თქვენს მშობლებს, თქვენს შვილებს და კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერმა.
ბინების გადაცემის ცერემონიაზე პირველი ბინა სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სიმბოლურად პრემიერმა გადასცა. ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე. ცერემონიას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ბინების განაწილება ლოტოტრონის პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდა. მახათას მთაზე უპრეცედენტო, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომლებშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ – შეღავათიანი პირობებით – შეძლეს. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.