აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, ტოპ-ხუთეულში არის ყოველ წელს

08/10/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
“მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმარს, ჩემს ძვირფას მეგობარს – ბატონ ილჰამ ალიევს. მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით, ბატონო პრეზიდენტო, მივესალმებით თქვენს დელეგაციას, პატივცემულ სტუმრებს, ყველას. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დაწყებულ ტრადიციას, რომელიც უკავშირდება ხშირი ვიზიტების ორგანიზებას. მე რამდენიმე თვის წინ ვიყავი აზერბაიჯანში, გაბალაში. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე შარშან თქვენ იმყოფებოდით, დაახლოებით ამ დროს, საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხშირი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის და მე ძალიან მადლიერი ვარ. რა თქმა უნდა, შემდეგი ვიზიტი განხორციელდება ჩემ მიერ, ალბათ რამდენიმე თვეში. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი ბატონ ილჰამ ალიევთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენ შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა. ჩვენს ხალხს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობისა და ძმობის განმტკიცების საქმეში.
ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, ტოპ-ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას; პორტების გაფართოებას და მშენებლობას; გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ვიცი, რომ ამ მხრივ აზერბაიჯანს დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები. ჩვენ, საქართველოს, ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომლებიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ძალიან მალე ვიწყებთ ახალი პორტის – ანაკლიის პორტის – მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ. ასე რომ, ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა – შორსმჭვრეტელი. აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის.
ჩვენ მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და, ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც საკმაოდ დაძაბულია მთელ მსოფლიოში. ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ ასევე მადლიერნი ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. მინდა ასევე ჩვენი მოსაზრება ვთქვა, და ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ, ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება. ასევე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების – ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. მისი როლი არის უაღრესად დიდი ამ ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში. მან ძალიან დიდი საძირკველი ჩაუყარა. ჩვენ ახლახანს ერთად დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს, მთელ აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ, ჩვენო ძვირფასო მეგობარო, გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა”.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:
“დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას. უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ ამ მოწვევისთვის. მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები, თბილისთან ახლოს. ეს გარემო, რომელიც არის შექმნილი, ძალიან სასიამოვნოა. ჩემი საუბრის დროს ბატონ პრემიერთან აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხე და ადგილი მშვენიერი და ლამაზია. ეს არის ყველაზე დიდი აქტივი ხალხთან ერთად. ორივე ლიდერმა ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირი და ტრადიციულია უკვე, რომლებიც ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებასა და მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები კეთილმეზობლურად არსებობენ, ძალიან მეგობრული არის გარემო და ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც – ეს არის უპირველესი მნიშვნელობის. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ეროვნული ლიდერის – ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარისა და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდა ძალიან ძლიერი მეგობრობა, საბჭოთა პერიოდში ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან თბილი. საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული, რომ ქვეყნები, ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც. მათ ჰქონდათ გამბედაობა და შესაძლებლობა, ასევე – ძალიან ძლიერი ბმა მათ მიწასთან, ერებთან. ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი – ძალიან ბობოქარი, რომელსაც ვიხსენებთ. მათი ლიდერობა იყო გამორჩეული და დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ დამოუკიდებლობა. მათი შრომისა და ძალისხმევის წყალობით დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს. კიდევ უფრო განვავითარეთ ქვეყნები, ჩვენი ერები. გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში. დღეს ბატონ პრემიერთან საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ახლა არის სწორედ ის დრო, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს და ყველა სხვა საკითხზეც, რომლებიც ჩვენი ქვეყნების, ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა. დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით, რაც შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, მეგობრებო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც არის ფასილიტატორების როლში ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია. ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს – ისტორიული ასპექტები თუ სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ იგივეს ველით სომხეთისგანაც, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, რომ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო – ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს ჩვენ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომლებიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ძალიან დიდი მნიშვნელობის არის არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროაზიური კონტინენტისთვის. მზად ვართ ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ამას მოვახერხებთ. დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს ეს ახალი ადგილი ჩემთვის. არა მარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლასა და პროგრესზე. დიდი ენთუზიაზმით და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტი. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე – კეთილდღეობა მოსახლეობისა, რომელიც იზრდება. მე, როგორც საქართველოს მეგობარი, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ძმები. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში. დიდი მადლობა!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0